საზოგადოება
25.05.2023 12:14
ბინის გამქირავებლებსა და დამქირავებლებს შორის გახშირებული დავების გამო, იუსტიციის სამინისტრო ახალ ინიციატივაზე მუშაობს

ბინის გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები არეგულირებს, თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა ბინის მეპატრონეებს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით უწევთ.

აღნიშნული შემთხვევების გახშირების გამო, იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.

ახალი ინიციატივა ბინის ქირავნობასთან დაკავშირებულ დავებს შეეხება. ინიციატივის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია. ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება ექნება, სასამართლოს ნებართვის გარეშე, გამარტივებული სააღსრულებო წესებიდან გამომდინარე, დაავალდებულოს პირი, რომ ან ქირა გადაიხადოს, ან ნაქირავები ბინა დაცალოს.

იმისთვის, რომ შეთანხმებას კანონიერი ძალა ჰქონდეს, ის აუცილებლად (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) წერილობით უნდა გაფორმდეს და აღსრულების ეროვნულ ბიუროში დარეგისტრირდეს.

აღნიშნული სერვისი ფასიანი იქნება, თუმცა, ღირებულებასთან დაკავშირებული დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

კვირის ამბები