კულტურა
25.05.2023 11:41
კულტურის სამინისტრომ გორის თეატრს ახალი მიკროავტუბუსი გადასცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უწყების დაქვემდებარებაში მყოფ 11 თეატრს ახალი მიკროავტობუსი გადასცა, აღნიშნულ თეატრებს შორისაა გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიც.

ავტობუსები თითოეული დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით გაფორმდა. საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  მინისტრი, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეა წულუკიანმა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს წარმატებული გასტროლები და შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.

„კულტურის სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა 2021 წლიდან დაიწყო. უკვე მრავალი წელია, საქართველოში მოქმედი თეატრების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ განახლებულა და ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეძენილ ავტომანქანებს ფლობდნენ.

დღეს, თბილისის სამ, რეგიონის შვიდ და ასევე, ცხინვალიდან დევნილ თეატრს ახალი მიკროავტობუსი გადაეცა.

ახალი ავტომანქანები თითოეულ დასს გადაადგილებასა და რეკვიზიტების გადატანაში დაეხმარება, საშუალებას მისცემს მათ, იმოგზაურონ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება და გახადონ თეატრი საყოველთაო“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში არსებულ თეატრებს ათი მიკროავტობუსი გასულ წელსაც გადასცა.

კვირის ამბები