საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ სამკურნალო იშვიათი დაავადებების სიას აქონდროპლაზია დაემატა.
შესაბამისი ცვლილება „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ,“ მთავრობის დადგენილებაში გუშინ, 22 მაისს შევიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნეს და მადლიერება გამოხატეს:
„სულ არსებობდა იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც აქონდროპლაზიის სინდრომი არ იყო ჩამონათვალში. ახლა უკვე ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებების ჩამონათვალში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ოფიციალურად იღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ბავშვების მკურნალობაზე.
უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იდექით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აქონდროპლაზია გენეტიკური დარღვევაა, რომლის ძირითადი გამოვლინება არის დვორფიზმი. აქონდროპლაზიის მქონე ადამიანების ხელები და ფეხები მოკლეა, ხოლო ტანი, ჩვეულებრივ, ნორმალური სიგრძისაა.
აქონდროპლაზია განაპირობებს არაპროპორციულ ზრდას და მოკლე კიდურებს. იგი გამოწვეულია ერთ-ერთი გენის სტრუქტურის ცვლილებით.