საზოგადოება
23.05.2023 13:13
საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია გაიხსნა - მედიკამენტების ხარისხის გადამოწმება ადგილზეა შესაძლებელი

საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია გაიხსნა.

„თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაწესებულება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტდა და მედიკამენტების გადამოწმება უკვე შესაძლებელია მოხდეს ადგილზე, წამლის ხარისხის დასადგენად საზღვარგარეთ მათი ნიმუშების გადაგზავნა აღარ გახდება საჭირო“, - აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. მოსახლეობისთვის ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის კი მნიშვნელოვანია სავალდებულო GMP/GDP სტანდარტების დანერგვა.

„ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით შემუშავებული იქნა რეგულაცია, რომელიც მაქსიმალურად ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ორიენტირებულია პაციენტის უფლებების დაცვისკენ და უზრუნველყოფს კვლევის ჩატარებისთვის შესაბამისი სანებართვო პირობების და მექანიზმების განსაზღვრას“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
კვირის ამბები