წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტი დასახელების ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა, - ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი წლის ბოლომდე 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.
„რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მედიკამენტების ჩამონათვალის და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული:
https:// referenceprice. moh. gov. ge/ ui/#/ main
შეგახსენებთ, სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა.