ტურიზმი
23.05.2023 12:40
შიდა ქართლმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
შიდა ქართლმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT 2023” მიიღო მონაწილეობა.

ბათუმში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა.
გამოფენაზე საკუთარი ნაწარმი გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე საწარმოებმა, ღვინის მარნებმა, მეთუნეებმა წარადგინეს.

შიდა ქართლში წარმოებული პროდუქციის გარდა, დამთვალიერებელს ადგილზე შეეძლო ენახა როგორც თიხის ძერწვის, ისე წნულისგან შექმნილი ნივთების დამზადების, თონეში პურის და ნაზუქის ცხობის მასტერკლასი.
პავილიონში გამოფენილი იყო რეგიონში მოღვაწე მხატვრების და ხელოვანების შემოქმედებაც.
გამოფენის ძირითად მიზანს საქართველოს რეგიონებში ტურიზმის ხელშეწყობა და ტურისტული ადგილების ცნობადობის გაზრდა წარმოადგენდა. გამოფენაში 85 ქართული და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა კომპანია ,,Expo Batumi”-ის ორგანიზებით გაიმართა.
კვირის ამბები