პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს, 22 მაისს დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet. emis. ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით,საქართველოს მასშტაბით არსებული საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ და ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა, უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში. ამასთან, ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.
„2023 წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად, სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.
რეგისტრაცია, ასევე, მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებას და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50%, ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში“, - აცხადებენ სამინისტროში.
პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად მსურველს შეუძლია დარეკოთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220ა