საზოგადოება
19.05.2023 13:03
ეს დღე ჩემთვისაც ემოციებით დატვირთულია და ამ დიდ სიხარულს მეც თქვენთან ერთად ვიზიარებ - განათლების მინისტრმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა
დღეს, 20 მაისს, მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდა და საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი ირეკება.

დასამახსოვრებელი დღე ახალგაზრდებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიულოცა.
მინისტრმა სკოლის კურსდამთავრებულებს ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში საკუთარი ცოდნის გამოყენება, გამოწვევებთან ბრძოლით მიღწეული წარმატებები, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ეტაპის დასაწყისი უსურვა და გვერდით დგომას დაჰპირდა.

„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, დღეს სკოლებში ბოლო ზარი ირეკება და თქვენთვის ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება.
მჯერა, თითოეული თქვენგანი გააკეთებს სწორ არჩევანს და სასურველი პროფესიის დაუფლებით მიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას მოახმარს.
ეს დღე ჩემთვისაც ემოციებით დატვირთულია და ამ დიდ სიხარულს მეც თქვენთან ერთად ვიზიარებ.
მინდა, რომ არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს, რადგან წარმატება სწორედ გამოწვევებთან ბრძოლით მიიღწევა. პირადად, მე როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიდგები თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეგიქმნათ უკეთესი გარემო თქვენი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად და შესაძლებლობებისა და ნიჭის მაქსიმალურად გამოსავლენად.
გილოცავთ სკოლის დასრულებას, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას!“ - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
კვირის ამბები