მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს თითქმის 7000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს თითქმის 7 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
პროექტის განსახორციელებლად, ჯამში, 700 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
პრემიერ მინისტრის თქმით, დედაქალაქში ბინას 2 400 დევნილი ოჯახი მიიღებს, 4 600 ბინა კი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის რეგიონებში აშენდება.
„ეს არის ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომ ვიზრუნოთ დევნილებზე, ღირსეული პირობა შევუქმნათ აქ, ადგილზე,
მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ოცნება და მთავარი მიზანი უნდა იყოს დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს ყველაფერი, ჩვენს დევნილებს დარჩებათ მათ საკუთრებაში, თუმცა,
ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დაგვაახლოებს ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანთან. ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გასაკეთებელი საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.