საზოგადოება
18.05.2023 17:04
პატრულმა გადასვა ბავშვი თავის მანქანაში და დიდი სისწრაფით გააქანა კლინიკისკენ, მაგრამ დაგვიანდა, გული უკვე გაჩერებული იყო - გარდაცვლილი ბავშვის ბებია

წუთები დაგვაკლდა თბილისის კლინიკამდე, ,,გორმედში“ რომ ის დრო არ დაგვეკარგა, შეიძლება, ბავშვი გადარჩენილიყო, - ამის შესახებ გორში გარდაცვლილი 4 წლის თომა წიქარიძის ბებიამ განაცხადა.

ლამარა ლაფერაშვილის თქმით, ვიდრე ბავშვის მდგომარეობა დამძიმდებოდა, პედიატრ ნინიაშვილთან ერთხელ კლინიკაში ჰყავდათ ვიზიტზე, მეორედ კი სატელეფონო კონსულტაცია გაიარეს, ბოლოს კი, როცა კლინიკას კვლავ მიმართეს, მდგომარეობა ძალზე დამძიმებული იყო.

,,თავიდან, ჯერ ცოტა გამონაყარი დაეწყო ბავშვს, მერე მოემატა, მესამე დღეს უკვე ძალიან ჰქონდა, მეოთხე დღეს მივიყვანეთ ექიმთან, ნინიაშვილთან. შეიცხადა, ვაიმე, როგორი გართულებულია, ასეთი რამ არ მინახავსო. მოუსმინა ფილტვებზე, არაფერი აქვსო, მაზი და ბეტადინის ხსნარი გამოუწერა, დაუმუშავეთო, შევხედოთ ორი დღე, უკვე ისეა, რომ მიწყნარდებაო. ვუთხარით, რომ ტემპერატურა 39 გრადუსამდე ასდიოდა ბავშვს, პარაცეტამოლი მიეცითო. წამოვიყვანეთ, შევასრულეთ რა დანიშნულებაც მოგვცა, მაგრამ არანაირი შედეგი არ იყო, მეორე დღეს ექიმს ისევ დავურეკეთ და მდგომარეობა ვუთხარით, ბავშვის დედამ ისიც უთხრა, რომ ბავშვს ფეხის კუნთი გაუმაგრდა, დაუსივდა და ვეღარ ადგამდა, გვითხრა, რომ გამაყუჩებელი მიგვეცა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ სეფსისის ნიშანი ყოფილა, როცა ექიმთან გვყავდა, გამონაყარის ბუშტუკებსაც სილურჯე დაჰკრავდა და ეგეც სეფსისის ნიშანი ყოფილა. როგორ ვერ გაიგო ექიმმა, როგორ არ გაუჩნდა ეჭვი, ან შემოეთავაზებინა მაინც, რომ ანალიზები გაგვეკეთებინა, ან სისხლის ანალიზი, ან რენტგენი, თანაც, თვითონვე რომ აღნიშნა, ასე გართულებული არ მინახავსო, ის მაინც ეთქვა, საავადმყოფოში დავაწვინოთო.

შედეგი არ იყო და ბავშვის თბილისში წაყვანას ვგეგმავდით, მაგრამ შევატყვეთ, რომ მდგომარეობა რთულდებოდა, შეგვეშინდა, თბილისამდე უარესად არ გახდესო და შევიყვანეთ ისევ ,,გორმედში“. გამოვიდა ექიმი, ვუთხარი, ბავშვი ცუდადაა მეთქი, დახედა და  - ,,უი, ჩუტყვავილა აქვს, ამას ვერ მივიღებთო, იმ პალატაში სხვა ბავშვი წევს და იქ ვერ შევიყვანთო, იმ მეორეში სხვა წევს და ვერც იქო. მერე გააღო რომელიღაც ოთახის კარი და იქ შევიყვანეთ, დააწვინა ბავშვი დედამ, ვეუბნები,  ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე მეთქი.

მივხვდით, რომ ბავშვის მდგომარეობისთვის სხვაგან გადაყვანა ჯობდა და ვუთხარით, იქნებ რეანიმობილი გამოიძახოთ მეთქი. მიპასუხა, ეგ ასე მალე ვერ იქნებაო, ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო, მერე რეანიმობილსაც დრო უნდაო, თბილისიდან უნდა ჩამოვიდესო, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენ წაგვეყვანა თბილისში, ,,გორმედიდან“ წაყვანისას არც კი გვითხრეს, რომ სად მიგყავთ, ცუდად არის ბავშვი და აქ ჩავუტარებთ პირველად დახმარებასო. ღმერთის წინაშე დავიფიცებ, არაფერი არ უთქვამთ. მხოლოდ დრო დავკარგეთ ,,გორმედში“ და ის დრო რომ არ დაგვეკარგა, იქნებ გადარჩენილიყო ბავშვი, სულ 5 წუთი დაგვაკლდა კლინიკამდე, ვიდრე მივედით, დაიღუპა ბავშვი. რომ მივუახლოვდით თბილისს, გზიდან დავრეკეთ სასწრაფოში, გვითხრეს, ადგილი გვითხარით, გაჩერდით და ახლავე გამოვდივართო. დრო რომ არ დაგვეკარგა, არც გავჩერდით, პატრული გავაჩერეთ და დახმარება ვთხოვეთ, პატრული წინ ჩაგვიდგა, მაგრამ ბავშვი უკიდურესად ცუდად გაგვიხდა, სულ ცოტა მანძილი იყო დარჩენილი კლინიკამდე, პატრულმა გადასვა ბავშვი თავის მანქანაში და დიდი სისწრაფით გააქანა, მაგრამ დაგვიანდა, გული უკვე გაჩერებული იყო“, - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ.

რაც შეეხება ,,გორმედს“, კლინიკის ინფორმაციით ბავშვის სტაციონარულ მკურნალობაზე უარი მშობლებმა განაცხადეს და კლინიკა თვითნებურად დატოვეს.

პაციენტისთვის შეთავაზებული იყო მკურნალობის-გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი, თვითნებურად დატოვეს კლინიკა, - ამის შესახებ სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ განაცხადა.

ლაზარაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია შიდა მოკვლევა და ექსპერტიზის პასუხს ელიან.

,,პირველ რიგში, მინდა, თანაგრძნობა გამოვხატო მომხდარის გამო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ პაციენტი, 4 წლის, კლინიკაში, მიმღებ განყოფილებაში შემოყვანილ იქნა 17 მაისს, ღამის 3:50 საათზე, მორიგე ექიმის მიერ ვერიფიცირებულ იქნა ჩუტყვავილის დიაგნოზი, პაციენტისთვის შეთავაზებული იყო მკურნალობის-გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი, თვითნებურად დატოვეს კლინიკა. აღნიშნულ თემაზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს მოკვლევა და ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. მორიგე ექიმის გადმოცემით, მკურნალობაზე განაცხადეს უარი. კლინიკის თვითნებურად დატოვებაზე ხელი არ მოუწერიათ არაფერზე, თუმცა გვაქვს დამადასტურებელი ისტორია, ჩვენ შეგვიძლია ოქმის შედგენა. მეტს ვერაფერს გეტყვით - რაც პირველ ეტაპზე იყო მიზანშეწონილი, შეთავაზებული იყო, შესთავაზეს სტაციონაში დაწოლა, გამოკვლევები, მკურნალობა. შემდგომ რისი საჭიროება დადგებოდა, ეგ თანდათან გამოიკვეთებოდა. რაც შეეხება ამბულატორიულად მომართვას, ვერაფერს გეტყვით, როგორც აღვნიშნე, ამაზე შიდა მოკვლევაა დაწყებული,  უახლოეს ხანში გვეცოდინება უფრო მეტი და გეტყვით“, - განაცხადა ლია ლაზარაძემ.

შეგახსენებთ, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად, გორში 4 წლის ბავშვი 17 მაისს გარდაიცვალა.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განცხადებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა.

საქმის შესწავლა დაიწყო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

კვირის ამბები