საზოგადოება
18.05.2023 16:25
გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეზე, სამედიცინო ქსელი „გორმედი“ განცხადებას ავრცელებს

გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეზე, სამედიცინო ქსელი „გორმედი“ განმარტებას აკეთებს.

,,გორმედის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის მკურნალობა ვერ დაიწყო, რადგან კლინიკაში შეყვანიდან 10 წუთში, ბავშვი მშობლების გადაწყვეტილებით სამკურნალო დაწესებულებიდან თვითნებურად წაიყვანეს.

„გუშინდელ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით, გვინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვათ და მივუსამძიმროთ პატარა თომას ოჯახს.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 4 წლის ბავშვი თვითდინებით, მშობლების მიერ, კლინიკის პედიატრიულ მიმღებში შემოყვანილი იქნა ( თარიღი: 17.05.23, 03:50 საათზე.) არსებული სამედიცინო დოკუმენტების, ჩანაწერებისა და მორიგე მედპერსონალის (ექიმი, მედდა) განმარტებით, ბავშვს აღენიშნებოდა გამონაყარი. დედის გადმოცემით ბინაზე მკურნალობდა ჩუტყვავილას დიაგნოზით ოჯახის ექიმის რეკომენდაციით. პაციენტმა სულ კლინიკაში 10 წუთი დაჰყო, შესაბამისად ვერ ჩატარდა კვლევები, ვერ იქნა დაწყებული ადეკვატური მკურნალობა, რადგან თანმხლებმა პირებმა ბავშვი თვითნებურად გაიყვანეს მიმღებიდან, მიუხედავად ექიმის არაერთგზის თხოვნისა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს თბილისში( რასაც ადასტურებენ ტელევიზიებში ოჯახის წევრებიც).

შემთხვევის სრულყოფილ შესწავლას ახორციელებს კლინიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის მუდმივმოქმედი კომისია“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სამედიცინო დაწესებულება ავრცელებს.

შეგახსენებთ, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად, გორში 4 წლის თომა წიქარიძე გუშინ გარდაიცვალა.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განცხადებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა.

ამასთანავე, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები მომხდარის მიზეზად ,,გორმედის“ პედიატრის - ნანა ნინიაშვილის მხრიდან პაციენტის არასწორად მართვას ასახელებენ.

კვირის ამბები