განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო ექსკურსიებზე კოვიდ-პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. კერძოდ, 150 კილომეტრზე შორ მანძილზე წასვლა აღარ იკრძალება.
უწყების ინფორმაციით, ამჟამად არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვის აუცილებლობა აღარ არსებობს.
რაც შეეხება სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებულ სხვა რეგულაციებს, კვლავ ძალაში რჩება და მკაცრდება მგზავრობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტები.
ყველა მგზავრის უსაფრთხოების ღვედით აღჭურვა, მგზავრთა რაოდენობის მკაცრი კონტროლი, მძღოლის ნარკოლოგიური შემოწმება და ტექ-დათვალიერების ბოლო ექვს თვეში გავლის დამადასტურებელი საბუთის არსებობა იმ რეგულაციებს შორისაა, რომელთა დაცვის გარეშე სკოლის დირექტორმა ექსკურსიაზე ნაბართვა არ უნდა გასცეს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გაწერილია ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ვალდებულებები და ზემოთ აღნიშნულის გარდა, იმ მგზავრის გადაყვანისას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი საჭიროება, ასევე, თუ ექსკურსიის ფარგლებში გასავლელი მიახლოებითი მანძილი 500 კმ-ზე მეტია, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა ახლდეს პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.