საზოგადოება
18.05.2023 12:44
გორში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოკვლევას აწარმოებს

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე ჩაატარა მოკვლევა და გამოიკვეთა ჩუტყვავილა, სწორედ ჩუტყვავილას გართულება გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განუცხადა.

,,4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჩაატარა მოკვლევა და გამოიკვეთა ჩუტყვავილა, სწორედ ჩუტყვავილას გართულება გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. მოკვლევის პროცესში ხდება დეტალების დაზუსტება - გარდაცვალებამდე ბავშვის მდგომარეობაზე, კლინიკაში ვიზიტებზე, მიმართვიანობის ინტენსივობაზე, კონკრეტულ ექიმთან - ნინიაშვილთან კონსულტაციებზე, ბავშვის აცრების სტატუსს და ა.შ. დადგინდება ყველა დეტალი. ფაქტის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სრული ინფორმაცია მიაწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რაც შეეხება რეგულირების სააგენტოს, სავარაუდოდ, დაიწყებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოც“, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, გორში, 4 წლის ბავშვი ჩუტყვავილას გართულების შედეგად  გარდაიცვალა. გარდაცვლილი თომა წიქარიძის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ,,გორმედის“ პედიატრის ნანა ნინიაშვილის არაკვალიფიციურობამ და პაციენტის არასწორად მართვამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რაც, შემდგომ, ლეტალური შედეგით დასრულდა.

გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ვირუსული დაავადების არასწორი მართვის გამო, სავარაუდოდ, პნევმონია და შემდგომ სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

რაც შეეხება კლინიკას, ,,გორმედის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.

კვირის ამბები