წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა „იავნანამ რა ჰქმნა“ წაიკითხეს და მცირე სცენა გაითამაშეს. ლიტერატურულ კომპოზიციაში გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხატვრული კითხვის წრის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. სცენა რეჟისორმა და მსახიობმა, გოგებაშვილის პრემიის ლაურეატმა ანზორ გვაძაბიამ დადგა. ღონისძიებას კი, სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები წიგნს დაუბრუნდნენ, დღევანდელი დღე სწორედ ამას მოწმობს. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდები, სწორედ ამიტომაა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლება. ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს ნიჭიერ ახალგაზრდებს და სხვადასხვა პროექტით ცდილობს მათ წახალისებას. ადგილობრივ დონეზე, გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს და განახორციელებს ისეთ პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული,“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ პაატა ივანიშვილმა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, ყოველწლიურად, 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველო ამ საერთაშორისო ღონისძიებას ხუთი წლის წინ შეუერთდა.