საზოგადოება
17.05.2023 23:18
გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილის გამწვავების შედეგად გარდაიცვალა

გორში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. თომა წიქარიძის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრის მხრიდან არასწორად მართვამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება და სავარუდოდ სეფსისი გამოიწვია, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

,,თავიდან, ბავშვს გამონაყარი დაეწყო, დედა - ეთო ერაძე ტელეფონით დაუკავშირდა ,,გორმედის“ პოლიკლინიკის პედიატრს, ნინიაშვილს, რომელმაც ურჩია, რომ ბავშვი გარეთ არ გაეყვანათ და სახლში ემკურნალათ მისი დანიშნულებით. რამდენიმე დღეში, როცა გამონაყარს მაღალი ტემპერატურაც დაემატა, ბავშვის დედამ კვლავ დაურეკა ექიმს, რომელმაც ისევ მისცა რეკომენდაცია, რომ მკურნალობა შინ გაეგრძელებინათ. ამის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ოჯახმა მიიყვანა თომა პოლიკლინიკაში, ბავშვს კიდურებზე შეშუპებაც აღენიშნებოდა, რაზეც ექიმმა უთხრა, რომ მორჩენისკენ მიდიოდა ჩუტყვავილა. ოჯახმა მოითხოვა გადასხმის ან სხვა სახის მკურნალობის ჩატარება, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ, შემდეგ ბავშვის თბილისში გადასაყვანად ექიმს რეანიმობილით დახმარება სთხოვეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ვერც ეს საკითხი მოგვარდებოდა, ამიტომ ჩასვეს ბავშვი მამათილის ავტომობილში და წაიყვანეს თბილისში.

გზაში თომა კიდევ უფრო ცუდად გახდა, ვეღარ სუნთქვდა, ერთი ამოილუღლუღა - ვერ ვსუნთქავო, ოჯახმა გააჩერა გზად შემხვედრი პატრული და დახმარება სთხოვა, რომ სწრაფად მიეყვანათ კლინიკამდე. ყველაფერი უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა, ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. საშინელ მდგომარეობაში ვართ, ოჯახი და ყველა ახლობელი ვაცხადებთ მხოლოდ ერთ რამეს - ბავშვი დაიღუპა ექიმის მხრიდან არასწორი მართვის შედეგად “, - აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ნათესავი ლუიზა სახვაძე.  

რაც შეეხება კლინიკას, როგორც ,,გორის მაცნეს“ ,,გორმედის“ პრესსამსახურში განუცხადეს, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, მაგრამ, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.

კვირის ამბები