თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული პოლიცილიების ვინაობა ცნობილია, შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა საპატრულო ეკიპაჟის ორი წევრი - ომარ ქარელი და ვანო ბასანიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ავტომობილით საპატრულო ეკიპაჟს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
,,შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა.
1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე.
სამართალდამცველებმა გ.ლ დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ავტობანზე მოძრავი ავტომანქანა ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, ეკიპაჟის ორივე წევრი ადგილზე გარდაიცვალა.