პროექტი - „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ სასწავლო კურსს და წარმატებული ახალგაზრდების დასაქმებას ითვალისწინებს
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობით პროექტი - „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დაიწყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 4 თვის განმავლობაში 50 ახალგაზრდა (მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები), რომლებიც პროექტის ფარგლებში, კონოხელოვნებას, სამსახიობო ხელოვნებას, გადაღებას, მონტაჟს, გრაფიკულ არქიტექტურას, სცენარის შექმნას, ფერების კორექციას სწავლობენ, კონკურსის წესით შეირჩნენ. პროგრამის მიზანია სპექტაკლების და მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნა საერთაშორისო ფესტივალებზე წარსადგენად.
„სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, პროექტის ბენეფიციარები მონაწილეობას მიიღებენ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სცენარების კონკურსში. საუკეთესო სამი სცენარის მიხედვით მომზადდება ფილმები, რომლებიც საერთაშორისო ფესტივალებზე მიიღებს მონაწილეობას. ფილმების გარდა, ფესტივალებზე წარსადგენად დაიდგმება 5 სპექტაკლიც. ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მაყურებლისთვის.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები შექმნიან, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის საიმიჯო ვიდეორგოლებს, დაგეგმილია 5 კინოჩვენებაც, რის შემდეგაც ახალგაზრდები მოაწყობენ დებატებს და იმსჯელებენ სხვადასხვა სოციალურ თემაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტს, რომელიც წარმატებული ბენეფიციარების დასაქმებასაც ითვალისწინებს, ა(ა)იპ „ჭკვიანი მომავალი“ ახორციელებს.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.