საზოგადოება
05.02.2020 17:15
დიცში, ქორდში, არბოსა და კვარხეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დიცში, ქორდში, არბოსა და კვარხეთში, სოფლის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში, შიდა ქართლის ფუბერნატორი და გორის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეებთან ერთად მონაწილეობდნენ. მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე  ქორდში, არბოსა და კვარხეთში გარეგანათების მოწყობა, დიცში კი - საბავშვო ბაღის შენობის ნაწილისა და ეზოს რეაბილიტაცია დაიგეგმა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიცს - 20 000, ქორდს - 16 000, არბოსა და კვარხეთს კი 12 - 12 000 ლარი ერგო.

„ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, გარდა 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევისა, ადგილობრივებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას ვპასუხობდით. მოქალაქეებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ და ავუხსენით, რომ თითოეული სოფლის დაფინანსება მაცხოვრებლების რაოდენობაზეა დამოკიდებული - სოფელი სადაც 200-მდე ადამიანი ცხოვრობს, 10 000 ლარით ფინანსდება; 12 000 ლარია გათვალიწინებული იმ სოფლებისთვის, რომლის მოსახლეობაც 200-დან 400 ადამიანამდე მერყეობს. 16 000 ლარი ერგო იმ დასახლებულ პუნქტებს, სადაც 400-დან 1000 - მდე ადამიანი ცხოვრობს. ის სოფლები კი, რომლებიც 1000-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს ითვლის, 2020 წელს 20 000 ლარის დახარჯვას შეძლებენ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, ჯამში, 1 596 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც 115 სოფელზე ნაწილდება. მათ შორის 79 სოფელში, კონსულტაციების შედეგად, ხმათა უმრავლეოსობით, უკვე შეირჩა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი.

კვირის ამბები