კამპანიის „შეცვალე სცენარი - შეასრულე შენი როლი“ ფარგლებში, გორში, ფორუმთეატრი გაიმართა.
ღონისძიება ევროპის საბჭოს დღეების ფარგლებში, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, აქტივობის მიზანი ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდაა. პროექტი საქართველოს 15 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
„ერთი გადაწყვეტილება მოქმედებათა მთელ ჯაჭვს ცვლის, ერთი შეხედვით პატარა ნაბიჯი კი, დიდი ცვლილებების გამომწვევია - ფორუმთეატრი საზოგადოების მონაწილეობით მიმდინარე წარმოდგენაა, სადაც მაყურებელს პერფორმანსში ჩართვის და მოვლენების სასურველი სცენარით განვითარების შესაძლებლობა აქვს. ერთი გადაწყვეტილებით მოქმედებათა მთელი ჯაჭვი იცვლება, რაც, მოქალაქეებს საკუთარი როლისა და ჩართულობის მნიშვნელობაში არწმუნებს. რაც შეეხება ღონისძიების მსვლელობას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, თუ როგორ სცადეს სცენარის შეცვლა რეალურ ცხოვრებაში, შეხვდნენ გამოწვევებს და თავიანთი პატარა თუ დიდი ქმედებებით მიღწეული შედეგებიც დაინახეს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ფორუმთეატრი პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თარხნიშვილმა მიიღო მონაწილეობა და მუნიციპალიტეტის იმ მექანიზმებზე ისაუბრა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აქტიურად ჩაერთნონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) გორის ოფისის ხელმძღვანელმა დაკო მურადაშვილმა და გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ხელმძღვანელმა ოთო გვრიტიშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ევროპის საბჭოსთან აქტიურად თანამშრომლობს და ამ ეტაპზე, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ახალ მექანიზმებზე მუშაობა მიმდინარეობს.