საქართველოში მცხოვრები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვებისთვის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი პროგრამა შეიმუშავა.
პირველი ივნისიდან ინსულინის და დიაბეტის მართვისთვის საჭირო მასალების - ტესტის ჩხირების, სისხლის ასაღები ნემსების 3-თვიანი მარაგები გაიცემა და მშობლები და ბენეფიციარები სახარჯ მასალებსაც, ინსულინთან ერთად, იმავე ლოკაციაზე მიიღებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკორექტირდა გაცემის თარიღიც - ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მარაგები მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე, ნებისმიერ დროს მიიღონ.
„გაიზარდა დიაბეტის მართვის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა - მარაგები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლა უკვე 60 სააფთიაქო დაწესებულებაში გაიცემა, გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას კი ბენეფიციარებს თბილისსა და რეგიონებში 10 სხვადასხვა დაწესებულება მიაწვდის.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვები Medtronic-ის უახლეს, მე-4 თაობის მოწყობილობებს მიიღებენ, რომლებიც მონაცემების ასახვისთვის კალიბრაციას არ ითხოვს. Medtronic-ის CGM სისტემის გამოსაყენებლად, საჭიროების შემთხვევაში, მობილურ ტელეფონებს სამინისტრო თავად შეისყიდის“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.