„ჭერი“ - ასე ეწოდება ნიკა ხაბელაშვილის სოლო გამოფენას, რომელიც გორის ხელოვნების სახლში გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის 5 ფერწერული ნამუშევარი. თითოეული მათგანი ავტორის ბოლოდროინდელი კვლევის მოტივებს ეხმიანება, იკვლევს სახლს, როგორც კავშირის ფენომენს და იდენტობის ნაწილს.
„ნამუშევრები შესრულებულია სპეციფიკური მასალით, მეორადი სამშენებლო ,,ბიაზით“, რომელიც ინტერიერში ჭერის მოსაპირკეთებლად იყო გამოყენებული და სიუჟეტს კიდევ უფრო აკავშირებს კონცეფციასთან. საცხოვრებელი, როგორც მუდმივი სამყოფელი, ხელოვანისთვის ერთგვარი გამოწვევაა, სწორედ ამიტომ, გამოფენის შემდეგ, კვლევის განვითარებისთვის პროექტის მეორე ნაწილი სოლო მოგზაურობაა, სადაც ჩანაწერების და ჩანახატების დახმარებით, ავტორი შეეცდება, პირადი დაკვირვების გაზიარებას“, - ნათქვამია ხელოვნების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება ნიკა ხაბელაშვილის ზაინის პრეზენტაცია, სადაც მუშაობის პროცესი და კონცეფციაა ასახული.
ნიკა ხაბელაშვილის სოლო გამოფენა 21 მაისს, 18:00-ზე გაიხსნება.
პროექტი „Art House 2023“ ხორციელდება „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.