გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულებულია და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახლ-მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განახლდა მუზეუმის იატაკი, აივანი და ხის მოაჯირები.
შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდა ობიექტის იერსახე. დეტალურად აღინუსხა, აიზომა და ფოტოებზე აისახა ყველა არქიტექტურული ელემენტი შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში. ძეგლის და მისი გარემოს არასახარბიელო მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებელი ღონისძიებები ჩატარდა.
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი 1958 წელს დაარსდა. მის ფონდებში 1700-ზე მეტი ექსპონატია დაცული, მათ შორის, იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, დოკუმენტები, საბჭოთა პერიოდის ფერწერის, ქანდაკების, ჭედურობის და კერამიკის ნიმუშები, აგრეთვე, თავმოყრილია მასალა ი. გოგებაშვილის სახელობის მედლისა და პრემიის ლაურეატებზე.