საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში სკოლის მოსწავლეებს ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები შეხვდნენ.
დავით გობეჯიშვილმა, კახი კახიაშვილმა, ლუკა კურტანიძემ და გოგიტა არქანიამ მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე - პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილიც დაესწრო.
სტუმრებმა მოსწავლეებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი და წიგნები გადასცეს. სტუმრები სოფელ მეღვრეკისში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დაფუძნებულ „სპორტის აკადემია - კახის კლუბსაც“ ესტუმრნენ.
„მეღვრეკისში აშენდა ძალოსნობის ორდარბაზიანი არენა, სადაც ბავშვები აქტიურად ვარჯიშობენ. მალე დასრულდება გასახდელების, საშხაპეებისა და საუნის მშენებლობა, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. ძალოსნობის კლუბში საწვრთნელ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები როგორც მეღვრეკისის, ასევე მიმდებარე სოფლების მოზარდები, რომლებიც ასპარეზობენ და წარმატებებს აღწევენ ხვადასხვა ასაკობრივ ტურნირებში“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებთან შეხვედრა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.