საზოგადოება
05.02.2020 15:44
საქართველოს მთავრობამ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“კანონპროექტი დაამტკიცა

 

საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს განსაზღვრავს  - საქართველოს მთავრობამ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ მომზადებული კანონის პროექტი დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობაში „გაერო-ს“ კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა.

„ახალ კანონში მნიშვნელოვანი სიახლე იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას, რაც სამედიცინო მიდგომიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლას გულისხმობს. ეს არის მიდგომა, რა დროსაც პირისთვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც. ნორმატიულ აქტში, ასევე, გათვალისწინებულია  შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისად გარემოს ადაპტაციის საკითხი, პერსონალური ასისტენტის მომსახურების სერვისის შემოტანა და  ასე შემდეგ,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი სახელმწიფო უწყებების, შშმ პირთა ორგანიზაციების, საერთაშორისო დონორების და ექსპერტების ჩართულობით შეიქმნა.

კვირის ამბები