შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს
„საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი“ რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა, გორში განიხილეს.
დოკუმენტის შინაარსზე შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
როგორც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით მოხდება საძოვრის სტატუსების კანონით განსაზღვრა, ასევე, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრებით სარგებლობის რეჟიმების შემოღება, რაც საერთო სარგებლობასთან ერთად იჯარას გულისხმობს.
„კონცეფციის თანახმად, მართვის მუნიციპალური გეგმების მიხედვით მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა. საძოვრების საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. შეიქმნება მოსარგებლეთა გაერთიანებები და მათ სარგებლობაში გადაეცემათ სოფლის საძოვრები. დანარჩენი საძოვრების გამოყენება შესაძლებელი იქნება იჯარით. პოლიტიკის დოკუმენტი საფუძვლად დაედება საძოვრების მართვის საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას“, - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
„საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი პროექტის - „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ , ფარგლებში შემუშავდა. პროექტის მხარდამჭერი გლობალური გარემოს დაცვის ფონდია (GEF).