საზოგადოება
05.02.2020 14:33
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა მიღება დაიწყო 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს. უწყების ცნობით, შეთავაზებით სარგებლობა 35 წლამდე მოქალაქეებს შეეძლებათ. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი, სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტრო, 4 წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურსა და სტაბილურ ანაზღაურებას შესთავაზებთ. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეებს, მეორე და ყოველი მომდევნო კონტრაქტის დასრულების შემდეგ 7 000 ლარი გადაეცემათ.

„თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს სამხედრო მოსამსახურეების პროფესიულ და ინტელექტუალურ ზრდაზე ზრუნვას და მათთვის სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამების შემუშავებას, მათ შორის უცხო ენის შემსწავრლი სასწავლო კურსების შეთავაზებას. კანდიდატები, სამედიცინო კომისიის გავლის შემდეგ, პირდაპირ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საბუთების მიღება წარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ: თბილისში, გორში, ქუთაისში, სენაკში, ბათუმში, ახალციხესა და თელავში. რეგისტრაციისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი); ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი; სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი.

რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე - https://onlinebct.mod.gov.ge/new/index.php

კვირის ამბები