საზოგადოება
11.05.2023 14:19
ქვირითობის პერიოდში თევზჭერა დასჯადია - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ ქვირითობის პერიოდში, 1-ლი მაისიდან  31 აგვისტოს ჩათვლით, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, დეპარტამენტის თანამშომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.

„ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა.

ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის  რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები ინტენსიურად გეგმავენ პრევენციულ ღონისძიებებსაც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია“, - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება უკანონო თევზჭერის ფაქტებს, 2023 წლის 1-ლი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 61 ფაქტი გამოავლინეს: იმერეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში,  ქვემო ქართლში, გურიაში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

შეგახსენებთ,  სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა (ანკესით)  მთელი წლის განმავლობაშია დაშვებული.
კვირის ამბები