საზოგადოება
10.05.2023 15:20
გორში გამწვანების აქცია მოეწყო - სხვადასხვა ლოკაციაზე 500-მდე ნერგი დარგეს
გორში, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გამწვანების აქცია მოეწყო.

გარემოსდაცვით ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გორის საკალათბურთო გუნდი „ივერიონის“ და საფეხბურთო გუნდი „გორის“ სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გამწვანების სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე ეტაპობრივად განხორციელდა.

სხვადასხვა ჯიშის მცენარის ნერგი, გოგებაშვილის ქუჩასთან ერთად, ვერხვების დასახლებასა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დარგეს, ლომჭაბუკის სკვერში კი საკურების ხეივანი გაშენდა.
„ქალაქის მასშტაბით, ჯამში, ფიტოსპორიუმის, ლოროპეტალუმის, საკურას, ღვიის და ტუიის 500-მდე ნერგი დაირგო. მცენარის ნერგები კეთილმოწყობის სააგენტომ ტენდერის საშუალებით შეიძინა. ტუიის ძირები კი გორის მუნიციპალიტეტს ორგანიზაცია „სადაგმა“ და „პეპსიკომ“ აჩუქეს“, - აღნიშნეს მერიაში.

გამწვანების სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სეზონურად ახორციელებს.
კვირის ამბები