საზოგადოება
08.05.2023 11:45
კულტურისა და დასვენების პარკის - „ახალბაღის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში კულტურისა და დასვენების პარკის - „ახალბაღის“ რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (9.3 მილიონი ლარი) ახორციელებს.

რეაბილიტაციის პროექტი პარკის ტერიტორიაზე ახალი საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების დ სპორტული ზონის მოწყობას ითვალისწინებს. მიმდინარეობს ხელოვნური ტბის და ცენტრალურ შესასვლელთან არსებული ორი შადრევნის, ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, ასევე,  საზოგადოებრივი საპირფარეშოს, ღია კაფეებისთვის სივრცეების მოწყობა.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ახალი საინჟინრო ქსელის გაყვანა, რაც საკანალიზაციო, წყალსადენის და საირიგაციო ავტომატიზებულ სისტემებს მოიცავს.

„პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა.  შეიქმნება ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც განახლებულ პარკს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ბავშვების და ახალგაზრდებისთვის, ასევე,  ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის.

განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება

 შშმ პირებისთვის. პარკი ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცეც გახდება“, - აცხადებენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

 

კვირის ამბები