გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, შესრულებული სამუშაოებისას განახლდა მუზეუმის იატაკი, აივანი და ხის მოაჯირები.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდა ობიექტის იერსახე. დეტალურად აღინუსხა, აიზომა და ფოტოებზე აისახა ყველა არქიტექტურული ელემენტი შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში. ძეგლის და მისი გარემოს არასახარბიელო მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებელი ღონისძიებები ჩატარდა.
„იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი სოფლის ცენტრში, მიწიდან ამომავალი წყაროს თავზე მდებარეობს, სადაც მუდმივი ნესტია. შედეგად პირველ სართულზე იატაკი ისე დაზიანდა, რომ საფრთხეს უქმნიდა დამთვალიერებელს და აუცილებელი იყო მისი განახლება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მთლიანად შეიცვალა მუზეუმის იატაკი, ასევე, განახლდა პირველი სართულის დაზიანებული აივანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ შეკეთებულა“, - აღნიშნავენ უწყებაში.
ცნობისთვის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი 1958 წელს დაარსდა. მის ფონდებში დაცულია 1700-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის, იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, დოკუმენტები, საბჭოთა პერიოდის ფერწერის, ქანდაკების, ჭედურობის და კერამიკის ნიმუშები, აგრეთვე, თავმოყრილია მასალა ი. გოგებაშვილის სახელობის მედლისა და პრემიის ლაურეატებზე.