ტურიზმი
04.05.2023 12:06
გორის მუნიციპალიტეტი „ევროპის დღის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას

გორის მუნიციპალიტეტი საქართველოსა და ევროპის საერთო ღირებულებების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში თიხის თანამედროვე ოსტატი, გიორგი ტატულაშვილი კერამიკის მასტერკლასს ჩაატარებს.

მასშტაბური ღონისძიება 6 მაისს ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ასაკის, ინტერესების მქონე აუდიტორია -  ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სტარტაპები, ფერმერები, სამოქალაქო აქტივისტები.

„ღონისძიების თანაორგანიზატორებმა მოგვმართეს თხოვნით, მიგვეღო მონაწილეობა „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაში.

მოგეხსენებათ, უძველესი ტექნოლოგიებით შესრულებული მოჭიქული გორული კერამიკის ნამუშევრები უცხოელებისა თუ ადგილობრივების მხრიდან ინტერესმოკლებული არასოდეს ყოფილა. ამიტომ, რეგიონში ერთადერთი კერამიკოსი გიორგი ტატულაშვილი წინაპრების საუკუნისწინანდელ ტრადიციას გააცნობს ფართო აუდიტორიას“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ.

კვირის ამბები