ბევრ ქალს აქვს ჰობი, რომელიც ხელსაქმეს უკავშირდება. ზოგს ქარგვა უყვარს, ზოგს ქსოვა, ზოგს კერვა... ხშირად, ეს ადამიანები ისე ქმნიან საოცარ ნივთებს, სამოსს თუ სხვადასხვა აქსესუარს, რომ არცკი ფიქრობენ, ეს საქმე შემოსავლის წყაროდ აქციონ.
ასე, უნებურად იქცა გორელი ლელა ლელაშვილის ბავშვობისდროინდელი გატაცება მთავარ საქმიანობად.
ორი შვილის დედა პროფესიით ეკონომისტია, თუმცა, ხალხმა ხელსაქმის წყალობით გაიცნო – მის ნაქსოვ სამოსსა და აქსესუარებს შეძენის უფრო და უფრო მეტი მსურველი ჰყავს.
„ბავშვობაში ძალიან მაინტერესებდა ქსოვა, ჩემით ვსწავლობდი, ვქსოვდი, ვარღვევდი, ვცდილობდი, თოჯინისთვის პატარა ესკიზები შემექმნა, მაგრამ ზრდასრულ ასაკამდე აღარ მომიქსოვია არაფერი. ყველაფერი ჩემით ვისწავლე. ამ მხრივ არანაირი განათლება მიმიღია, თუ არ ჩავთვლით „იუთუბის“ ვიდეოგაკვეთილებს, რომელსაც მაშინ ვრთავ, როდესაც კონკრეტული დეტალების გარკვევა მინდა.
თავიდან ვქსოვდი ახლობლებისთვის, მათთვისაც, ვისაც მოსწონდა ჩემი შემოქმედება, მაგრამ მსურველი იმდენად ბევრი იყო, ჰობი შემოსავლის წყაროდ იქცა. მაქვს ჩემი ნამუშევრების გვერდი, საიდანაც ხშირად ვიღებ შეკვეთებს“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას ლელა ლელაშვილმა.
როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მხოლოდ ხელით ქსოვს, რადგანაც ხელით ნაქსოვის ეფექტი ბევრად მაღალია. ამასთან, თითოეულ მოდელს 2 ეგზემპლარზე მეტს არ ქმნის. მომხმარებლის მოთხოვნაც ხშირად ასეთია - არ სურთ, მსგავსი სამოსი სხვასაც ჰქონდეს.
ჯერჯერობით, მცირეწლოვანი შვილების გამო, საქმიანობის გაფართოებას არ აპირებს, თუმცა, სურვილი აქვს, დაინტერესებულ მოზარდებს ქსოვის ხელოვნება შეასწავლოს და გამოცდილება გაუზიაროს.
„მომხმარებლის დაკვეთის მიხედვით ვმუშაობ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ფერს, დიზაინს მანდობენ და ჩემს არჩევანს ჯერდებიან. ვქსოვ პალტოებს, ჟაკეტებს, ჯემპრებს, კაბებს, ქუდებს, კაშნეებს, პოლოვერებს, საბავშვო ტანსაცმელს, როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცებისთვის. თითოეული მოდელის შექმნის დროს შეკვეთის სიდიდე, სირთულე, ძაფის სისქე განსაზღვრავს. ყველაზე დიდი, მაგალითად, პალტოს მსგავსი მოდელი, 10-12 დღეში დამისრულებია, ჟაკეტებს მაქსიმუმ 5 დღეს ვანდომებ. პროცესი ძალზე საინტერსოა, ცხოვრებას წააგავს, თვალი თვალს ებმის და იქმნება საინტერესო ნამუშევრები.
რაც შეეხება ანაზღაურებას, საქართველოში ხელსაქმე შესაბამისად არ არის დაფასებული. სამწუხაროდ, ნივთებს გაწეული შრომის შესაბამის ფასს ვერ დაადებ. პროდუქცია (ძაფს ვგულისხმობ) იმდენად ძვირია და ერთი ნივთის შექმნისთვის იმდენი თანხაა საჭირო, რომ ხელობის სათანადო ფასის დამატებით საკმაოდ მაღალი გამოვა. ქსოვა იმდენად მიყვარს, იმდენად საინტერესოა ეს პროცესი ჩემთვის, ხშირად, გაწეულ შრომაში სიმბოლურ ფასს ვიღებ“, - ამბობს ლელა ლელაშვილი.