სპორტი
03.05.2023 14:46
გორელმა მოკრივემ ლევან დემუროვმა კრივში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გორელი მოკრივე ლევან დემუროვი ახალგაზრდებს შორის კრივში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა. სპორტსმენმა პირველ შეხვედრაში იტალიელი მოკრივე გაეტანო ბუონოკორე დაამარცხა, შემდეგ ეტაპზე მოლდოველ ნიჩიტა სიმანშს სძლია და ნახევარფინალში გავიდა. ფინალისთვის ბრძოლაში ბულგარელ კონსტანტინ იორდანო კოსტოვს დაუპირისპირდა და შეხვედრა ბულგარელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

დემუროვმა, გასულ წელს, ჭაბუკთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება. გარდა ამისა, იგი საქართველოს წლევანდელი ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის, შარშან კი ჭაბუკთა ჩემპიონატიც მოიგო საქართველოში.
სპორტსმენი, გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი ავთანდილ შოშიაშვილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ კონტინენტის ჩემპიონატის ფინალში სამი ქართველი მოკრივე: თათია ბუკია, გორ აივაზიანი და დემურ ქაჯაია იასპარეზებს.
კრივში ევროპის ჩემპიონატი სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარეობს. შეჯიბრება 25 აპრილს დაიწყო და 4 მაისს დასრულდება.
კვირის ამბები