საზოგადოება
03.05.2023 14:38
ველური ლოკოკინის ჩაბარება გორის მუნიციპალიტეტში წელსაც აქტუალურია
შარშანდელის მსგავსად, ველური ლოკოკინის ჩაბარება გორის მუნიციპალიტეტში წელსაც აქტუალურია. ლოკოკინების ჩაბარება ორი კვირაა დაიწყო. ჩამბარებელი პუნქტები არაერთ ლოკაციაზეა გახსნილი და კილოგრამი ლოკოკინის ჩაბარების ფასი 1 ლარია. ერთადერთი, რა კრიტერიუმიც უნდა დააკმაყოფილოს პროდუქციამ არის ის, რომ ლოკოკის დიამეტრი 28 მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ლოკოკინის ჩაბარებით დაინტერესებული პირები დღის განმავლობაში დაახლოებით100-120 კილომდე აგროვებენ.
„მას შემდეგ, რაც ლოკოკინის მიმღებ პუნქტები ამოქმედდა, ჩემი ოჯახისთვის გარკვეული შემოსავლის წყაროდ იქცა. ბავშვებსაც უხარიათ ეს პროცესი და ჩვენც კმაყოფილები ვართ. მეზობლები ერთად ვიკრიბებით, დილით ადრე გავდივართ მინდორში და ვაგროვებთ ლოკოკინებს. განსაკუთრებით ბევრია წვიმის შემდეგ, მერე ვრეკავთ ჩამბარებელ პუნქტში, მოდიან და სახლიდან მიაქვთ, ან ჩვენ მიგვაქვს ადგილზე.

ვიდრე სხვა საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად დაიწყება სოფლად, დამატებითი შემოსავლისთვის ცუდი არაა ეს საქმიანობა", - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბარში სკრის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებმა ხატია ბასიშვილმა.
შეგახსენებთ, ლოკოკინების გადამმუშავებელი საწარმო(TIMEO) მცხეთის მუნიციპალიტეტში გასულ წელს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით გაიხსნა. წილკანში მდებარე ლოკოკინების საწარმოს, რომლის მსგავსი რეგიონში არაა, გადამუშავებული პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე გააქვს.

ეკოლოგ ლევან მუმლაძის კვლევების მიხედვით, საქართველოში ერთ კვადრატულ კილომეტრზე 20 ტონა ველური ჯიშის ლოკოკინა მოიპოვება.
კვირის ამბები