შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელს რუისში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი ახალი საწარმო სახელმწიფოს ხელშეწყობით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა.
ახალი საწარმოს - შპს „აგრობადის“ გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, საქართველოში USAID მისიის დირექტორი ჯონ პენელი, ადგილობრივი ხელისუფლების და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგნელები ესწრებოდნენ.
„ვფიქრობ, სეტყვისგან დამცავი ბადეების ადგილობრივი წარმოება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფერმერების ხელმისაწვდომობას აღნიშნულ სისტემებზე. ჩვენი მიზანია, ფერმერები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები სეტყვით გამოწვეული ზარალისგან, რისთვისაც ვეხმარებით შესაბამისი სისტემების შესყიდვებში როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის, ასევე, „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში.
მისასალმებელია ყველა წამოწყება. ახალი საწარმო, რომელიც ქმნის პროდუქციას, თავისი წვლილი შეაქვს ეკონომიკაში და ასაქმებს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება.
„შიდა ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ფერმერთათვის მოსავლის მოყვანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი მნიშვნელოვანია შესაბამისი დამცავი ინფრასტრუქტურის შექმნა. ერთ-ერთი ასეთია სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები, რომლის საწარმოც USAID-ისა და სახელმწიფო თანადაფინანსების საფუძველზე აშენდა და მისი წარმოება ქარელის მუნიციპალიტეტში დაიწყო. ფერმერები იმპორტირებულთან შედარებით შეღავათიან ფასებში შეძლებენ ბადეების შეძენას და სეტყვისგან ნათესების დაცვას.
მნიშვნელოვანია, რომ საწარმოში 30-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. მსგავს პროექტებს სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის ექნება მხარდაჭერა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე,“- აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
ცნობისთვის, შპს „აგრობადის“-ი ყოველწლიურად 1 მილიონ მ2. სეტყვის საწინააღმდეგო ბადის და 600 000 ბადე-ჩანთის დამზადებას გეგმავს. ბადე-ჩანთები ბოსტნეულის შეფუთვის და ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. ქართული წარმოების პროდუქციის შეძენას ფერმერები იმპორტირებულზე შეღავათიან ფასად შეძლებენ.