კულტურა
03.05.2023 12:02
გორის თეატრში ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის - „თეატრი გორში“ პრეზენტაცია გაიმართა

გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში წიგნის - „თეატრი გორში“ პრეზენტაცია გაიმართა.

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის ნამუშევრის ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

რაც შეეხება წიგნის შინაარსს, გამოცემაში თავმოყრილი ინფორმაცია მოგვითხრობს ქართლში თეატრალური ხელოვნების ისტორიას ანტიკური პერიოდიდან დღემდე. როგორც თეატრალურ წრეებში აცხადებენ, დამოუკიდებელ საქართველოში ეს არის ქართლის რეგიონში თეატრის ისტორიის შეფასების პირველი ცდა, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს გორის თეატრის მნიშვნელობას.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა  ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის სპექტაკლის - „ქეიფი სოლოლალკში“ ჩვენება.

შეგახსენებთ, წარმოდგენა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა 1923 წელს განვითარებული მოვლენების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, ნოდარ მაჭარაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით დადგა.

სპექტაკლი საქართველოს ოკუპაციის შემდგომ პერიოდს  აღწერს და დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორის - კოტე აფხაზის და მისი თანამებრძოლების ბოლშევიკების მიერ დახვრეტის ამბავს მოგვითხრობს.

ლაშა ჩხარტიშვილის წიგნი გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით დაიბეჭდა.

კვირის ამბები