საზოგადოება
03.05.2023 13:55
3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

დღეს, 3 მაისს, საერთაშორისო საზოგადოება პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. პრესის თავისუფლების დღე 1993 წელის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააფუძნა.

აღნიშნულს საფუძვლად 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე მიღებული დეკლარაცია დაედო, რომელიც მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლების და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფას.

მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა:

„პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას.

უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად  შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება.

სწორედ ამ პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა იწოდება მსოფლიოში მაღალპროფესიონალურ და თავისუფალ ჟურნალისტიკად, რადგან ამ სტანდარტის დაცვა ქმნის ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს.

თავისუფალი პრესა არის როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის, ისე მისი დემოკრატიულობისაკენ სწრაფვის ნიშანი. ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს  თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიასივრცე“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

კვირის ამბები