გორელი ახალგაზრდებისთვის „ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამა“ ცხადდება.
პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით - ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გულისხმობს შიდა ქართლის რეგიონში, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში ახალგაზრდების დაინტერესებას ტექნოლოგიური მეწარმეობით და ნივთების ინტერნეტის (IoT), ხელოვნური ინტელექტის (AI), eCommerce, WEB და Mobile დეველოპმენტით.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს სამეწარმეო უნარების და შესაძლებლობების განვითარებაში.
„კვირეულის მთავარი მიზნებია: რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში გააღვივოს და განავითაროს ინოვაციური აზროვნების, იდეების შემუშავების და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები; ახალგაზრდა ინოვატორების აქტიურად ჩართვა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში და რეგიონული სტარტაპების ფორმირება/განვითარება; ახალგაზრდა ინოვატორებს შორის მყარი კავშირების დამყარება და მათთვის თანამშრომლობის უპირატესობების დემონსტრაცია, ასევე რეგიონებში GITA-ში არსებული დაფინანსების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების მონაწილეობა სააგენტოს მიერ ინიცირებულ რეგიონულ საგრანტო პროგრამებში“, -აცხადებენ სააგენტოში.
ტექნოლოგიურ კვირეულს 22-27 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს და სემინარების, პრაქტიკული სესიების სერიები ხელს შეუწყობს მონაწილეთა შორის ახალი ტექნოლოგიური სტარტაპერების აღმოჩენას.