საზოგადოება
02.05.2023 13:28
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს

 „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ქვეკომპონენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდას.

„სოფლის განვითარების სააგენტო  ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით უზრუნველყოფს სესხის გაცემიდან არა უმეტეს 14 თვის განმავლობაში.  ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 10,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით.

რაც შეეხება სესხის მიზნობრიობას, მოიცავს ერთწლოვანი კულტურებისა და  იონჯის ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დაფინანსებას, კერძოდ,  სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და  სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას“, - აცხადებენ სააგენტოში.

ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501

კვირის ამბები