სპორტი
01.05.2023 14:59
ევროპის თასი ძიუდოში ქართველმა ძიუდოისტებმა 4 ოქროს 4 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს - ტურნირს გორმა უმასპინძლა

გორში კადეტთა შორის ძიუდოში ევროპის თასი ჩატარდა. შეჯიბრება საქართველოში პირველად გაიმართა და მასში 16 ქვეყნის 330-მდე სპორტსმენი გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა.

შეჯიბრზე ქართველმა ძიუდოისტებმა, ჯამში, 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც გუნდურ ჩათვლაში მედლების რაოდენობით საუკეთესო მაჩვენებელი იყო. გორელთაგან ვერცხლის მედალი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელმა გიგი გიუნაშვილმა მოიპოვა.

მონაწილეებთან და საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ გულშემატკივრებთან ერთად, გორმა ევროპის ძიუდოს კავშირისა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციებსაც უმასპინძლა.

მაღალი რანგის შეჯიბრება ევროპის ძიუდოს კავშირის ორგანიზებით ჩატარდა. ორგანიზატორების თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გასული წლის წარმატებული გამოცდილება აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ გორმა 2022 წლის ნოემბერში ევროპის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელსაც ორგანიზაციის შეფასებით, ჩვენმა ქალაქმა მაღალ დონეზე უმასპინძლა.

ცნობისთვის, ევროპის თასი ძიუდოში გორის სპორტის სასახლეში 29-30 აპრილს ჩატარდა.

კვირის ამბები