ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, გორში „პროფესიული უნარების დღე“ მოეწყო.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროგრამის - „უნარები დასაქმებისათვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების მონაწილე მეცხრე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს, შიდა ქართლში მოქმედმა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა, მათი ორგანიზაციების ბაზაზე არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობები გააცნეს.
უფროკლასელებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ ჩაერთულიყვნენ მრავალფეროვან ინტერაქტიულ აქტივობებში, კონკურსებში და მიეღოთ კვალიფიციური რჩევები პროფესიონალებისგან კარიერის დაგეგმვის და პროფესიული არჩევანის შესახებ.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში იყო ორგანიზებული.
პროექტს EDEC-ი თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.