გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ივნისიდან გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამონაბოლქვის კონტროლს დაიწყებს.
უწყების ინფორმაციით, პატრულირებას სპეციალურად გამოყოფილი 10 ეკიპაჟი განახორციელებს, რომლებიც ქალაქებში ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დონის დადგენას შეძლებენ. თუ მაჩვენებელი კანონით დადგენილ ნორმებთან შესაბამისი არ იქნება, ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება 100 ლარით, 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა 300 ლარამდე გაიზრდება.
„პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ხილულ გამონაბოლქვზე და ნებისმიერი მსგავსი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერდება და მოხდება მისი შესაბამისი წესით შემოწმება, თუმცა, რა თქმა უნდა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც არ გააჩნიათ ხილული გამონაბოლქვი, ასევე დაექვემდებარებიან აღნიშნულ კონტროლის წესს,“- აღნიშნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ.
მისივე თქმით, ავტომობილის მფლობელს აქვს შემოწმების შედეგის გასაჩივრების უფლება, რაც გულისხმობს მანქანის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანას და ახლიდან შემოწმებას. შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ჯარიმა ვალიდური რჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში ანულირდება და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ინსპექტირების თანხასაც არ გადაიხდის.
გამონაბოლქვის კონტროლი პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში ქვეყნის 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში დაიწყება, შემდეგ კი ეტაპობრივად სხვა ქალაქებსაც მოიცავს.