საზოგადოება
27.04.2023 12:48
მეფუტკრეობის მიმართულებით მომუშავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სახელმწიფო ფინანსურად დაეხმარება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, მეფუტკრეობის მიმართულებით სახელმწიფო  ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში განაცხადების მიღება 2023 წლის 1-ელ მაისს 12:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება პროგრამაში მონაწილეობის პირობებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ შესაძენი აღჭურვილობის ღირებულების 70% (მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე);

კოოპერატივები, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%-ს შეადგენენ ქალები, შშმ პირები ან დევნილები, მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის შესაძენად არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას (მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე);

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში, კოოპერატივები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას (მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე).

„პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი აღჭურვილობა: ხის ან პენოპოლისტიროლის სკა; თაფლის საწური (ციბრუტი); თაფლის შესანახი ავზი; ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით; ფიჭის ანათლის ავზი; ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე.

ბენეფიციარს, პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია, თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე“, - აცხადებენ სააგენტოში.

 

კვირის ამბები