ქვახვრელში, კარალეთსა და თედოწმინდაში გზის გარკვეულ მონაკვეთებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ქვახვრელში, კარალეთსა და თედოწმინდაში გზის გარკვეულ მონაკვეთებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი მომსახურებების შესყიდვაზე ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერები დასრულდა.
„კარალეთში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი გზის საფარის ერთკილომეტრიანი ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 391 208 ლარია.
210 810 ლარი მოხმარდება ქვახვრელში 500 მეტრიანი შიდა გზის რეაბილიტაციას. გარდა გზის საფარის მოწყობისა, პროექტი სარწყავი არხის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს. რაც შეეხება თედოწმინდას, სოფლის სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 403 136 ლარია გათვალისწინებული. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 689 მეტრია, რომელიც სოფლის ცენტრალური გზიდან იწყება (გორი - ნიქოზის საავტომობილო გზა) და სკოლასთან სრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ პერიმეტრზე ასფალტის საფარი არ არსებობს და სავალი ნაწილი გრუნტითაა დაფარული. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, ზემოხსენებული სოფლების მაცხოვრებლებს გზებზე გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.