საზოგადოება
04.02.2020 14:45
ძველ გორში ყველაზე ცნობილი საკონდიტრო ,,ჟაკი“ და მისი ტრაპიზონელი მეპატრონე

პირველი საკონდიტროები გორში მე-19 საუკუნის 80-90-იან წლებში გაიხსნა. საკონდიტროებში ცხვებოდა ფუნთუშები, კრემიანი ნამცხვრები, კრენდელები, კულიჩები, პასკები.

იმჟამინდელ გორში ყველაზე პოპულარული საკონდიტრო სამეფო ქუჩაზე, ამჟამინდელი საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა. საკონდიტროს ,,ჟაკი“ ერქვა - მისი მეპატრონის და მთავარი კონდიტერის სახელი. ჟაკ ოვიანი თურქი-სომეხი ყოფილა, რომელიც გორში თურქეთის ქალაქ ტრაპიზონიდან ჩამოსულა და ცოლ-შვილთან ერთად, ერთი სომეხი მეფუნთუშეც ჩამოუყვანია, მეორე კონდიტერი კი, გორში შეურჩევია.

საკმაოდ მოწესრიგებული საკონდიტრო მოუწყვია ჟაკს - შემინული დახლით, მინის მრგვალი, საკანფეტე ქილებით და ტორტებისა და ნამცხვრების შესაფუთი ყუთებით. ჟაკს დამტარებლებიც ჰყოლია, რომლებიც კალათებით დაატარებდნენ ფუნთუშეულს ქალაქის ქუჩებში ან მუდმივ კლიენტებთან მიჰქონდათ.

მალევე, გორში სხვა საკონდიტროებიც ამოქმედებულა - ჯერ კაკოევის საკონდიტრო, მერე კი ალიმბაროვებს და ზაქარიანებს გაუხსნიათ მსგავსი კვების ობიექტები, თუმცა, ,,ჟაკთან“ კონკურენცია რთული ყოფილა და მალევე დაუხურავთ.

დღესასწაულებზე, როცა შეკვეთები განსაკუთრებულად ჭარბად იყო, საკონდიტროს თანამშრომლებს რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა, ფაქტობრივად, ღამეებს ათენებდნენ ღუმელთან და კვირის განმავლობაში დასვენების დღე საერთოდ არ ჰქონდათ. ჟაკი ჯამაგირს არ უმატებდა თანამშრომლებს, თუმცა, გორელების მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინათ, თავადაც ეხმარებოდა კონდიტერებს ცხობაში.

მოგვიანებით, ჟაკ ოვიანი ძალზე გამდიდრებულა გორში, საკონდიტრო დაუხურავს და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბათუმში გადასულა, სადაც ცენტრალურ ქუჩაზე გაუხსნია მოზრდილი საკონდიტრო მაღაზია.

/მომზადებულია ისტორიკოს ელდარ მამისთვალიშვილის წიგნის - ,,გორის ისტორია“ მიხედვით/

 

კვირის ამბები