ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა - დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას გორშიც შეძლებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ვაუჩერის ფარგლებში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა; ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა; გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ); დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი (მათ შორის, ფუნდუს კამერით); პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება; ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა პაციენტის სურვილის შემთხვევაში; საჭიროების შემთხვევაში პაციენტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის, რეცეპტის გაცემა და სხვა.
„ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის, რათა ბენეფციარმა შეძლოს მომსახურება მისთვის სასურველ რეგიონში მიიღოს. რაც შეეხება გორს, დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სუხიშვილის ქ. N63-ში მდებარე „მედიქალ ცენტრში“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.