საზოგადოება
24.04.2023 14:50
ბიზნესის წამოწყების მსურველ და მეწარმე ქალებს ბიზნესიდეების განხორციელებაში და სამეწარმეო საქმიანობის გაფართოებაში USAID-ი დაეხმარება

USAID-ი ბიზნესის წამოწყების მსურველ და მეწარმე ქალებს ბიზნესიდეების განხორციელებაში და სამეწარმეო საქმიანობის გაფართოებაში დაეხმარება.

იმისთვის, რომ  USAID-ის ინიციატივების შესახებ რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს ინფორმაცია, ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად საინფორმაციო კამპანიას მართავს.

ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფარგლებში, წარმომადგენლები საქართველოს 3 ქალაქს -გორს, ხაშურს, მარნეულს და მიმდებარე სოფლების ისეთ ხალხმრავალ ადგილებს სტუმრობდნენ, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო ბაზრები, საცალო მაღაზიები, სკოლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრები.

აღნიშნული ლოკაციებიდან კი 300-მდე ქალმა გამოთქვა სურვილი ჩაერთოს შეთავაზებულ ტრენინგებში და სხვა აქტივობებში.

„ქალების ეკონომიკური გაძლიერება USAID-ის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამიტომ ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს მეწარმე ქალებთან, რომელთაც ახალი ბიზნესის წამოწყების ან უკვე არსებული ბიზნესების გაფართოების სურვილი აქვთ.

ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ მეწარმე ქალებს, რომელთა ინოვაციურ იდეებს შეუძლიათ გრძელვადიანი დადებითი გავლენა მოახდინოს მათზე, მათ ოჯახებზე და მათი თემის წარმატებასა და ფინანსურ კეთილდღეობაზე“, - ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები