საზოგადოება
24.04.2023 12:17
ბიოწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება

საქართველოს მთავრობა ბიომწარმოებელების მხარდაჭერას  სპეციალურად შემუშავებული პროგრამის საშუალებით აგრძელებს.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლას, ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიო პრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიო პრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე თაფლისა და ცვილის წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას.

 „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბიოწარმოების შედეგად მიღებულ და ბიოსერტიფიცირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. თუ ხართ დაინტერესებული ბიომეურნეობით, სახელმწიფო გთავაზობთ არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლისას გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. შევსებული განაცხადის ფორმა წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნოთ სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე document@rda.gov.ge. ასევე, შესაძლებელია წარუდგინოთ ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელს ან/და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახურის თანამშრომელს მატერიალური სახით“, - აცხადებენ სააგენტოში.

პროექტი ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ხორციელდება.

კვირის ამბები