საზოგადოება
03.10.2019 16:29
,,ლელოს“ წარმომადგენლებმა რაზმაძეებისთვის გათვალისწინებული კოტეჯი გუგუტიანთკარში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

გუგუტიანთკარიდან დევნილი რაზმაძეების ოჯახისთვის დაპირებული ხის კოტეჯი, იმ მანქანიანად, რომელზეც ტრანსპორტირებისთვის დაიტვირთა, მესამე დღეა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარშიაგაჩერებული.

სოფელში ამბობენ, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს“ წარმომადგენლებმა კოტეჯი გუგუტიანთკარში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს სოფლის ძველი სკოლის შენობაში შესახლებული ეთერ გუგუტიშვილი.

,,ისევ აქ არის გაჩერებული ეს მანქანაც და კოტეჯიც, რას აპირებენ არ ვიცი, არ არის ეს კარგი საქციელი, ხალხს დააპირისპირებენ ერთმანეთს. ჩვენც შემოგვთავაზეს, მაგრამ მაშინვე უარი ვუთხარი, არ მინდა მე სხვისი ლუკმა, სხვისთვის გათვალისწინებული სახლი. ვუთხარი ისიც, რომ თუ აქაურების დახმარება უნდათ, ერთნაირად გვიჭირს და ყველას მოგვიტანონ, სხვა მხრივ კი, მაგათ პოლიტიკურ ამბებში ვერ ჩავერევი, აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ და მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი ქვეყანა კარგად იყოს, განვითარდეს და ჩვენ ბავშვებს უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ“, - განაცხადა სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებმა ეთერ გუგუტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს“ წარმომადგენლებმა რაზმაძეების ოჯახისთვის თითქმის ერთი თვის წინ დაპირებული კოტეჯი ჯერ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიიტანეს, შემდეგ კი, სოფელ გუგუტიანთკარში ჩაიტანეს. რაზმაძეების წინადადებაზე, რომ კოტეჯის კონსტრუქცია შესაბამისი ფართის მოძიებამდე გორში, მათი სახლის ეზოში დაესაწყობებინათ, ,,ლელოს“ წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს.

კვირის ამბები