ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები დღეიდან მიიღება
2023 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები დღეიდან, 20 აპრილიდან მიიღება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საფასური სრულად ბრუნდება: თუ დარეგისტირებულმა პირმა, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია;
თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.
„თანხის მისაღებად პირმა უნდა შეავსოს ამობეჭდილი განაცხადის ფორმა და წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება ელექტრონულად 20 აპრილიდან 22 მაისის 18:00 საათამდე.